თუშების სათემო საბჭოს დაარსების დღედ უნდა მივიჩნიოთ 2016 წლის 12 მარტი, როდესაც შედგა პირველი შეხევდრა. ამ შეხვედრიდან ამოიზარდა თავდაპირველად "წოვათის თემი", შემდგ კი – "თუშების სათემო საბჭო". იმისთვის, რომ ისტორიას შემოვუნახოთ და დაინტერესებულ ადამიანსაც მიეცეს საშუალება თვალი მიადევნოს სათემო საბჭოს ჩამოყალიბება–განვითარების პროცესს, გარკვეულ მოვლენებს უნდა შევეხოთ და ქრონოლოგიურად დავალაგოთ.
12 მარტის შეხვედრას თხუთმეტიოდე ადამიანი ესწრებოდა. საუბარი ეხებოდა ზოგად პრობლემებს და ბოლოს პირველი შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ შეხვედრებზე უფრო მეტი ადამიანის ჩართვაზე.  

მომდევნო შეხვედრებს გაცილებით მეტი მონაწილე ესწრება, ნელ–ნელა ყალიბდება კონკრეტული მიზნები და გეგმები. 
2016 წლის სექტემბერში თინა ცისკარიშვილმა, შაკო მაჩაბლიშვილმა, სოსო მიქელაძემ და ირაკლი ვეშაგურიძემ ჩამოაყალიბეს ა(ა)იპ "წოვათის თემი". დამაარსებლების უკან წოვათუშების საკმაოდ დიდი ჯგუფი იდგა. "წოვათის თემის" ინიციატივით 2016 წლის ოქტომბერში ჩამოყალიბდა თუშური ენის შემსწავლელი წრე, რომელსაც თინა ცისკარიშვილი ხელმძღვანელობდა. ჯგუფის, რომელიც 10–15 წლის მოსწავლეებისგან იყო დაკომპლექტებული, მეცადინეობა აქტიურად მიმდინარეობდა. ჯგუფმა 2017 წლის ზაფხულში, ტბათანაში, ორდღიანი გასვლითი ღონისძიებაც მოაწყო.

2017 წლის განმავლობაში "წოვათის თემის" შეხვედრები რეგულარულად იმართებოდა, მაგრამ მას არ ესწრებოდა ადამიანების ის რაოდენობა, რომელიც ორგანიზაციას უფრო ფართოდ მოქმედების საშუალებას მისცემდა."წოვათის თემს" გარკვეულწილად ლეგიტიმურობაც აკლდა. მოსახლეობის მხრიდან მხარდაჭერა კი დიდი იყო, მაგრამ ის არ იყო არჩეული საბჭო და მხოლოდ ენთუზიასტთა იმედად რჩებოდა. ამის გამო 2017 წლის ბოლოს და 2018 წლის დასაწყისში, "წოვათის თემის" რამდენიმე შეხვედრა დაეთმო არჩეული სათემო ორგანოს შექმნის აუცილებლობას, რომლის არჩევაშიც წოვათუშების ყველა გვარი მიიღებდა მონაწილეობას და არჩევის შედეგად ჩამოყალიბებული საბჭო წოვათუშების სახელით ისაუბრებდა. წოვათუშური საგვარეულოების წარმომადგენლებმა დააკომპლექტეს სამუშაო ჯგუფი. 

2018 წლის 25 თებერვალს "წოვათის თემის" ინიციატივით მოწვეულ იქნა სათემო ყრილობა, რომელსაც 100-ზე მეტი ადამიანი ესწრებოდა. სამუშაო ჯგუფმა ყრილობას გააცნო "თუშების სათემო საბჭოს" დაარსების იდეა, მისი მიზნები და ამოცანები. აქვე შესთავაზა მმართველი საბჭოს არჩევა, რომელიც იქნებოდა დემოკრატიული, ძველი თუშური სათემო პრინციპების დაცვით არჩეული. გადაწყდა, რომ 8 დიდი ისტორიული თუშური გვარი, რომელიც 118 გვარს მოიცავს, საბჭოში დაასახელებდა (აირჩევდა) 2-2 წარმომადგენელს ანუ სულ 16 წევრს. იმ დღესვე 8 გვარის წარმომადგენლებმა იმსჯელეს და დაასახელეს საკუთარი წარმომადგენლები. საბჭომ კენჭისყრით აირჩია საბჭოს თავმჯდომარე და თავმჯდომარის მოადგილე. საბჭომ მეჩვიდმეტე წევრიც დაამატა - თუში ახალგაზრდების წარმომადგენელი, რომელიც ერთხმად იქნა მიღებული. 

ამრიგად, საბჭო შედგება 17 წევრისგან. საბჭო იკრიბება ყოველკვირეულად, თვეში ერთხელ კი საერთო სათემო ყრილობის წინაშე ანგარიშით წარდგება. 
საბჭო არჩეულია ორი წლის ვადით, რაც ასახულია წესდებაშიც. საბჭოს თავმჯდომარეა ლევან დურმიშხანიძე, თავმჯდომარის მოადგილეა – ირაკლი უჯირაული.

"თუშების სათემო საბჭოს" წინაშე რამდენიმე ძირითადი ამოცანა დგას, რომელთა გადაწყვეტას წლები სჭირდება, თუმცა გარკვეული ნაბიჯები უკვე გადადგმულია. 

"თუშების სათემო საბჭოს" ერთ-ერთ უმთავრეს ამოცანას წარმოადგენს თუშური ენის გადარჩენა-შენარჩუნება, რომელზეც სულ რამდენიმე ასეული ადამიანიღა საუბრობს და მათი უმეტესობაც შუა ხანსაა გადაცილებული. აქვე უნდა დავამატოთ, რომ საბჭო აქტიურად და ნაყოფიერად თანამშრომლობს ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიასთან და კახეთის სამხარეო ხელმძღვანელობასთან. სწორედ მათთან შეთანხმებით დაიგეგმა თუშური ენის ზემო ალვანის პირველ საშუალო სკოლაში და ბაღში შეტანა. 2019 წლის მარტიდან ბაღში თუშური ენის სწავლება დაიწყო.

"თუშების სათემო საბჭო" შემოწირულობებს იღებს. ამ შემოწირულობებით დაიწყო ტბათანაში (თუშების საზაფხულო დასასვენებელი ტერიტორია ბაწარის ნაკრძალის თავზე, ზღვის დონიდან 2000 მეტრ სიმაღლეზე.  ტბათანას თუშები აქტიურად იყენებენ მეცხრამეტე საუკუნის შუა ხანებიდან, როდესაც წოვათიდან მოსახლოება მასიურად კახეთში, სოფელ ზემო ალვანში ჩამოსახლდა) სათემო სახლის მშენებლობა. სათემო სახლის მშენებლობა 2019 წლის ივნისისათვის დასრულდება. სათემო სახლი იქნება მრავალფუნქციური კომპლექსი. მაში იგეგმება კომპიუტერული ტექნიკით აღჭურვილი ოთახის მოწყობა, რომელიც იმუშავებს, პირველ რიგში, ენის შემსწავლელი კუთხით. აქვე შესაძლებელი იქნება კონფერენციების მოწყობა, ტრენინგების ჩატარება და ა.შ.

სათემო სახლის კიდევ ერთი დანიშნულება იქნება, რასაც ცალკე ოთახი დაეთმობა, თუში ახალგაზრდებისთვის სპორტული ბანაკის მოწყობა, მათ შორის გოგონების საფეხბურთო გუნდის და ბიჭების საფეხბურთო და სარაგბო გუნდებისთვის.

"თუშების სათემო საბჭო" 2019 წლის იანვრიდან სათემო მოსაკრებელს აწესებს, რომელიც საერთო სათემო ყრილობაზე გამოცხადდა და კრების მონაწილეების მხრიდან აუცილებელ ღონისძიებად შეფასდა.